logo
ENG



კალაძე რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებს

22 მაი 202411:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/404bn99i1rwc3rh.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებს და ირწმუნება, რომ მასში "ფაქტები დამახინჯებულია".

კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე კომისიის დასკვნა "პოლიტიკური მესიჯების" გატარებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მოსაზრებაში კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს.

კალაძის აზრით, კრიტიკულ მოსაზრებაში არ ყოფილა ახსნა, "რატომაა გამჭვრივალობა ცუდი".

"სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოადგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი რაიმე არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა. თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები"- თქვა კალაძემ.

21 მაისს ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.  

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".


close დახურვა